14 ივნისი

       14 ივნისი - შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ, თავმჯდომარის მოადგილემ მერაბ კარანაძემ, ფრაქცია „ქართული ოცნება - მაჟორიტარების“ თავმჯდომარემ ილია ვერძაძემ, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა, გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხთა კომისიების თავმჯდომარეებმა - ნუგზარ სურმანიძემ, ვახტანგ წულაძემ, საკანონმდებლო ორგანოს აპარატის თანამშრომლებმა სამედიცინო ცენტრ „თანას“ ბენეფიციარებს მიულოცეს.

        საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებმა დაათვალიერეს აქ მოქმედი დღის ცენტრი, დედათა და ბავშვთა თავშესაფარი, სარეაბილიტაციო განყოფილება, გაესაუბრნენ ბენეფიციარებსა და მათთან მომუშავე სპეციალისტებს. მათი განცხადებით, ყველა შესაბამისი სერვისი, რომელიც ცენტრში ხორციელდება, სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში ფინანსდება. მასპინძლებმა გულითადი მადლობა გადაუხადეს უმაღლესი საბჭოს წევრებს ყურადღებისა და გულისხმიერებისათვის, იმ თანადგომისათვის, რომელიც ცენტრის ბენეფიციარებს არ აკლიათ რეგიონის წარმომადგენლობითი ორგანოსაგან.

          კანონმდებლები „თანაში“ ამჯერადაც არ მისულან უსაჩუქროდ - მათ ცენტრის აღსაზრდელები ტკბილეულობით გაახარეს. მადლიერების ნიშნად ბენეფიციარებმა  სტუმრებისთვის სახელდახელო კონცერტი გამართეს და მათთან ერთად სამახსოვრო სურათები გადაიღეს.