13 ივნისი

       აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის 13 ივნისის სხდომაზე, რომელსაც ამავე კომისიის თავმჯდომარე ნუგზარ სურმანიძე უძღვებოდა, საკანონმდებლო ორგანოს წევრებმა, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ, მინისტრის მოადგილემ ზურაბ თენიეშვილმა სსიპ „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოს“ ხელმძღვანელის ანგარიში მოისმინეს მიმდინარე საქმიანობის შესახებ. თემურ კახიძემ სხდომის მონაწილეებს 5 თვის განმავლობაში განხორციელებულ პროგრამებზე, დასაქმების კუთხით არსებულ სტატისტიკაზე, ამ მხრივ არსებული პრობლემების მიზეზებსა და სამომავლოდ განსახორციელებელ ღონისძიებებზე ისაუბრა.

        მომხსენებლის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ სააგენტო 7 მიზნობრივ პროგრამას ახორციელებს,  უმუშევრობის თვალსაზრისით ქვეყანაში არსებულ ფონზე, სააგენტო ვერ იქნება კმაყოფილი თავისი მუშაობით, თუმცა, შედეგების სტატიტიკა მზარდი ტენდენციით გამოირჩევა - 5 თვის მონაცემებით, სააგენტოს მეშვეობით რეგიონში დასაქმდა 568 ადამიანი, მათ შორის 90 % გრძელვადიან სამუშაოზე. თემურ კახიძემ უპასუხა კანონმდებლებისა და მინისტრის შეკითხვებს. კომისიამ წარმოდგენილი ანგარიში ცნობად მიიღო.

       კანონმდებლებმა ცნობად მიიღეს საქართველოს პარლამენტიდან შემოსული კანონპროექტებიც, რომლებიც უმაღლესი საბჭოს წევრმა ილია ვერძაძემ წარმოადგინა. მომხსენებელმა დეტალურად ისაუბრა „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებზე და კოლეგებს ამასთან დაკავშირებული შენიშვნები და წინადადებები გააცნო.