12 ივნისი

        12 ივნისს  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სამუშაო შეხვედრაზე საკანონმდებლო ორგანოს წევრებმა აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიერ 2016 წელსა და მიმდინარე წლის 5 თვეში გაწეული საქმიანობის ანგარიში მოისმინეს.

      შეხვედრას ესწრებოდნენ: აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე, მინისტრის პირველი მოადგილე ლელა სურმანიძე, რეგიონის სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელები.

              როგორც უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ნუგზარ სუმანიძემ შეხვედრის დასაწყისში აღნიშნა, უახლოეს მომავალში საკანონმდებლო ორგანოს დარგობრივ კომისიასთან ამოქმედდება სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო, რომელიც 30-მდე ცნობილ ექიმ-სპეციალისტსა და ექსპერტს გააერთიანებს. საბჭო მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე იმუშავებს, მოამზადებს დასკვნებსა და ანალიტიკურ დოკუმენტაციას ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, განსაზღვრავს გადაუდებელ ღონისძიებებსა და აქტივობებს, რომლებიც გათვლილი იქნება ცალკეული პროგრამებისა და პროექტების ეფექტურობაზე. ნუგზარ სუმანიძის განმარტებით, საბჭოს დებულება მზადაა და ის უმაღლესი საბჭოს ბიუროს უახლოეს სხდომაზე განიხილება.

        როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნინო ნიჟარაძემ აღნიშნა, საანგარიშო პერიოდში უწყებამ და მისმა ქვემდებარე ორგანიზაციებმა საკმაოდ მოცულობითი საქმიანობა გასწიეს. ცენტრი რეგიონში შეიმუშავებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის პოლიტიკას და ამავე დროს ზრუნავს დაავადებათა პრევენცია-პროფილაქტიკაზე. 2017 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, უწყებამ ბიუჯეტი 99 %-ით შეასრულა.

    ინფორმაციულად დატვირთული მოხსენების შემდეგ ნინო ნიჟარაძემ უპასუხა  შეხვედრის მონაწილეთა შეკითხვებს.

        ნუგზარ სურმანიძის განცხადებით,  აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო უწყებაა, რომელიც დაკომპლექტებულია კვალიფიციური კადრებით. მისი საქმიანობა წარმატებულად შეფასდა საერთაშორისო ექსპერტების მიერ, რაც საკმაოდ ბევრს ნიშნავს და არა მხოლოდ რეგიონის, არამედ, ზოგადად, ჩვენი ქვეყნის წარმატებაცაა.