09 ივნისი

            9 ივნისს, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, უმაღლესი საბჭოს  ფრაქცია „ქართული ოცნება-აჭარის“ თავმჯდომარე დავით ბაციკაძე, საკანონმდებლო ორგანოს აპარატის უფროსის მოადგილე რომან ბოლქვაძე გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის - „ალმა-მატერის“ ბათუმის ფილიალის საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდნენ.

         უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ახალგაზრდებს საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობაზე, მის ფუნქციებსა და ძირითად პრინციპებზე მიაწოდა ინფორმაცია. დავით გაბაიძემ და დავით ბაციკაძემ სტუდენტებს განუმარტეს საკანონმდებლო ორგანოსა და ზოგადად, ავტონომიური რესპუბლიკის კომპეტენციებთან დაკავშირებული საკითხები, უპასუხეს მათ შეკითხვებს.

            ახალგაზრდები, ძირითადად, ხელისუფლების სხვადასხვა შტოებს, თვითმმართველობის დონეებს შორის ურთიერთობებით, მათი უფლებამოსილებების, კომპეტენციების გამიჯვნის საკითხებით, საქართველოს პარლამენტსა და უმაღლეს საბჭოში საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენის პროცედურებითა და საკონსტიტუციო ცვლილებებით დაინტერესდნენ.

        უმაღლესი საბჭოს წევრებთან შეხვედრის პარალელურად, უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსის მოადგილემ, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის „ალმა-მატერის“ ბათუმის ფილიალის დოქტორანტმა რომან ბოლქვაძემ სტუდენტებს აქვე ლიდერთა თემაზე საინტერესო საჯარო ლექცია წაუკითხა.