07 ივნისი

       აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრები - ცოტნე ანანიძე, ნინო ჩხეტია, ვახტანგ წულაძე, ილია ვერძაძე და ვლადიმერ მგალობლიშვილი 7 ივნისს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) მიგრაციის პროექტის კოორდინატორს თეონა მაჭარაშვილსა და ამავე პროექტის მკვლევარს - ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის, სოციალურ მეცნიერებათა და დიპლომატიის სკოლის ლექტორს გიორგი გობრონიძეს შეხვდნენ.

         ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის ეგიდით გამართულ შეხვედრაზე სტუმრებმა მიგრაციის პროექტის მიზნებსა და ამოცანებზე ისაუბრეს. მათი განცხადებით, მიგრაციის საკითხებზე, მის გამომწვევ მიზეზებსა და შედეგებზე ზუსტი სურათის მისაღებად, შესაბამისი კვლევები საქართველოს რამდენიმე რეგიონში, მათ შორის აჭარაშიც ტარდება. ამასთან,  მზადდება შესაბამისი  ანალიტიკური დოკუმენტი, რომელიც მიეწოდება როგორც საქართველოს ხელისუფლებას, ისე საერთაშორისო პარტნიორ ორგანიზაციებს.

       პროექტის წარმომადგენელთა განცხადებით, აჭარა, როგორც სპეციფიკური რეგიონი რამდენიმე ნიშნით შეირჩა აქტიური კვლევისათვის. სახელმწიფო საზღვართან სიახლოვის, რელიგიური მრავალფეროვნების, ეკომიგრაციისა და რიგი სხვა ფაქტორების გათვალისწინებით ჩატარებული კვლევები ხელს შეუწყობს ამ კუთხით სახელმწიფოს მიერ გასატარებელი პოლიტიკის კიდევ უფრო გააქტიურებას.

    -ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კანონმდებლების მოსაზრებები აღნიშნულ საკითხებზე, ვინაიდან კვლევის ანალიზი და შესაბამისი საკანონმდებლო რეგულაციები დადებითად გადაჭრის ამ კუთხით არსებულ გამოწვევებს, - აღნიშნეს სტუმრებმა.