ცოტნე ანანიძემ ბავშვებს 1 ივნისი მიულოცა

01 ივნისი

„ასი ბავშვი, ასი ინდივიდი, რომლებიც სრულფასოვანი ადამიანები არიან, არიან არა მომავლის ადამიანები, არამედ ადამიანები ახლა - დღეს“!

ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე ულოცავს საქართველოსა და აჭარის რეგიონში მცხოვრებ ბავშვებს დღევანდელ დღეს. „ასი ბავშვი, ასი ინდივიდი, რომლებიც სრულფასოვანი ადამიანები არიან, არიან არა მომავლის ადამიანები, არამედ ადამიანები ახლა - დღეს“! დავესესხები იანუშ კორჩაკის („How to Love a Child“ („როგორ გვიყვარდეს ბავშვი“, 1919წ.) ამ სიტყვებს და ვუსურვებ ბავშვებს ცხოვრობდნენ ისეთ საქართველოში, ქვეყანაში, სადაც დაცული იქნება მათი უფლებები და ინტერესები მათი სრულფასოვანი განვითარების უზრუნველსაყოფად. ბავშვი და ბავშვთა უფლებები არის უმთავრესი ჩვენი საზოგადოების სიძლიერესა და სიმყარეში!
ბავშვთა უფლებების სფეროში პირველი სავალდებულო საერთაშორისო აქტი - ბავშვთა უფლებების კონვენციის მიღება იყო, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ 1989 წლის 20 ნოემბერს, რომელიც საქართველოს მიერ რატიფიცირებულია 1999 წლის 5 თებერვალს.
ჩვენი ხელისუფლების პირობებში ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, უმთავრესია არასრულწლოვათა მართლმსაჯულების კოდექსის მიღება, ქორწინების მინიმალური ასაკის განსაზღვრა, სოციალური დახმარების სისტემის გაუმჯობესება, თუმცა ჯერ კიდევ პრობლემებია ბავშვთა ფიზიკური დასჯის, შეურაცხყოფის, სექსუალური ექსპლუატაციის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების ადაპტირების, შესაბამისი ოჯახური გარემოს უზრუნველყოფის საკითხებში.
2017 წლის 25 იანვარს, გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტმა, 74-ე სესიაზე განიხილა გაეროს ბავშვთა უფლებათა კონვენციის შესრულების ანგარიში - საქართველოს მთავრობის მე-4 პერიოდული ანგარიში, რაზედაც კომიტეტმა საქართველოს მთავრობისდმი დასკვნითი შეფასებები მიიღო.
დასკვნით მოსაზრებებში პოზიტიურად შეფასდა ზემოაღნიშნული მიღწევები და საქართველოს მიერ გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-3 დამატებითი ოქმის რატიფიცირების საკითხი, ასევე აისახა ის გამოწვევები, რომელიც საქართველოს ხელისუფლების წინაშე დგას, რომელთაგან რეგიონის დონეზე შესასრულებლად, ნიშანდობრივია, ფიზიკური (სხეულებრივი) დასჯის ამკრძალავი საკანონმდებლო რეგულაციების შექმნისა და რეფერირების პროცედურების ეფექტიანი განხორციელება. ასევე, დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის გაგრძელების, ჯანდაცვისა და განათლების პროგრამებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა მონაწილეობის შეფასებისა და სოციალური მუშაკების როლისა და რესურსების გაზრდის საკითხები.
„ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 12 სექტემბრის #473- ე დადგენილებით, დამტკიცდა ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურები, რომლის ფარგლებშიც ბავშვთა მიმართ ძალადობის რეფერირების პასუხისმგებლობა, რეფერალში ჩართულ სამინოსტროებთან და სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად ადგილობრივ თვითმმართველობებსაც დაეკისრათ.
კომისიამ ამ თვალსაზრისით, 2017 წლის 28 აპრილს, ბათუმში, გაეროს ბავშვთა ფონდის უნისეფის მიერ გამართული კონფერენციის ფარგლებში - აჭარის რეგიონის მუნიციპალიტეტებს შესთავაზა ბავშვთა მიმართ ძალადობის რეფერირების პროცესში რთულად გადასაწყვეტ საკითხებზე, საჭიროების შემთხვევაში, გამოიყენონ კომისიის გამოცდილება, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში გაუწევს შესაბამის კონსულტაციებსა და კვალიფიციურ იურიდიულ დახმარებას. უნისეფის წარმომადგენელი საქართველოში მიესალმა კომისიის ამ ინიციატივას და მისი ჩართულობა აჭარის რეგიონში ბავშვთა რეფერირების პროცესის ეფექტურად წარმართვის ხელშემწყობ გარემოებად შეაფასა.
უნდა აღინიშნოს, რომ კომისია მუშაობს აჭარის რეგიონში მიუსაფარი ბავშვების, სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვთა უფლებების, რომლებიც ხშირ შემთვევაში არასასურველ გარემოში იზრდებიან, ეწევიან უსამართლო, იძულებით შრომას, მოწყვეტილი არიან ბავშვის ნორმალური განვითარებისთვის აუცილებელ პირობებს, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების უფლებების დაცვაზე, მათი უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის ღონისძიებების გატარებაზე.