21 მარტი

   საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, „რეგიონების ურთიერთდახმარებისა და თანამშრომლობის შესახებ“ საკანონმდებლო წინადადება განიხილეს. წინადადება, რომელიც მისმა ავტორმა - პაატა ურიადმყოფელმა წარმოადგინა, კომიტეტის წევრებმა ცნობად მიიღეს.

   „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილება და დღის წესრიგის სხვა საკითხები, საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - ლადო მგალობლიშვილმა წარმოადგინა.  კანონის პროექტი კომიტეტმა პლენარული სხდომისთვის მომზადებულად მიიჩნია. ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღეს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ კანონსა და უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში შესატანი ცვლილებების პროექტებთან დაკავშირებითაც. სამივე პროექტი გამარტივებული წესით - ერთი მოსმენით განიხილება.

  სხდომაზე დაამტკიცეს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის 2023 წლის სამოქმედო გეგმა და ცნობად მიიღეს ინფორმაცია აჭარის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული უფლების უმაღლესი საბჭოს ფრაქციების მიერ 2022 წლის საშემოდგომო სესიაზე გამოყენების შესახებ.