26 მაისი

        საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - 26 მაისი საზეიმოდ აღინიშნა ბათუმში.  თავისუფლების მოედანზე, გმირთა საფლავებთან ამჯერადაც შეიკრიბნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს, მთავრობის, ბათუმის თვითმმართველობის, საზოგადოებრიობის წარმომადგენლები, ჩოხოსნები, სტუდენტი-ახალგაზრდობა, ბათუმელები და ბათუმის სტუმრები.

      უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ მერაბ კარანაძემ, უმაღლესი საბჭოს წევრებმა, ბათუმის მაჟორიტარმა დეპუტატებმა საქართველოს პარლამენტში, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან - ზურაბ პატარაძესთან და ბათუმის მერთან გიორგი ერმაკოვთან ერთად ყვავილებითა და გვირგვინებით შეამკეს საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა საძმო საფლავი. შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.

       დამოუკიდებლობის დღის ზეიმს შემოუერთდნენ ტრადიციული ბავშვთა საერთაშორისო ფესტივალის მონაწილეები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან და უცხო ქვეყნებიდან.  სახელმწიფოსათვის უმნიშვნელოვანესი დღის აღსანიშნავად ცაში უამარავი ფერადი ბუშტი გაუშვეს.

       თავისუფლების მოედნიდან საზეიმო ღონისძიების მონაწილეებმა საოცრებათა მოედანზე გადაინაცვლეს, სადაც სამხედრო ტექნიკა და შეიარაღება იყო გამოფენილი.