17 ნოემბერი

  2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტი და 2023–2026 წლების პრიორიტეტების დოკუმენტი  განიხილეს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის მორიგ სხდომაზე. შესაბამისი მოხსენებით წამყვანი კომიტეტის წინაშე, ამჯერადაც, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი - ჯაბა ფუტკარაძე წარსდგა.

  მომხსენებელმა ძირითად საბიუჯეტო პარამეტრებზე, კანონპროექტით გათვალისწინებულ უმნიშვნელოვანეს პროგრამებზე, პროექტებსა და სიახლეებზე ისაუბრა, უპასუხა კომიტეტის წევრთა შეკითხვებს, მოისმინა მათი მოსაზრებები.

  კომიტეტმა, წარმოდგენილი დასკვნების, შენიშვნების, რეკომენდაციებისა და წინადადებების გათვალისწინებით, მხარი დაუჭირა საკითხზე შემდგომი პროცედურების გაგრძელებას.

  სხდომაზე მეორე საკითხად განიხილეს და ცნობად მიიღეს ჯაბა ფუტკარაძის მიერ წარმოდგენილი 2022 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის სამი კვარტლის შესრულების მიმოხილვა.
  მომავალი წლის ბიუჯეტის კანონის პროექტთან დაკავშირებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნა კანონმდებლებს საფინანსო–საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ – მარინე გვიანიძემ გააცნო. კომიტეტის წევრებმა წარმოდგენილი დასკვნა ცნობად მიიღეს.

  სხდომაზე ბოლო საკითხად – ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილების შესახებ’’ კანონის პროექტი განიხილეს, რომელიც მისმა ინიციტორმა - მარინე გვიანიძემ წარმოადგინა.

  კომიტეტის წევრებმა კანონის პროექტი პლენარული სხდომისთვის მომზადებულად მიიჩნიეს.