16 ნოემბერი

  აჭარის უმაღლეს საბჭოში, ახალი ვებპლატფორმა - chaerte.sca.ge-ისა და მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის ამოქმედების შემდეგ, არაერთი ექსკურსია ჩაინიშნა.  საკანონმდებლო ორგანოს ისტორიითა და საქმიანობით დაინტერესებული მოსწავლეებისა თუ სტუდენტების რაოდენობა სულ უფრო მატულობს. მათ შორის ყველაზე უმცროსი ასაკის ბათუმის პირველი საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლეები არიან, რომლებიც აჭარის უმაღლეს საბჭოს ესტუმრნენ.

  მოზარდებსა და მათ პედაგოგებს უმაღლესი საბჭოს მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრში უმასპინძლეს. პატარა ვიზიტორებს შენობის ისტორია და საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობა ცენტრის ხელმძღვანელმა - ცირა ხაჯიშვილმა გააცნო. მოსწავლეებმა დაათვალიერეს უმაღლესი საბჭოს ისტორიული შენობა, პლენარულ სხდომათა დარბაზი, მოირგეს კანონმდებელთა სავარძლები, შეხვდნენ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს - დავით გაბაიძეს და გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები.