15 ნოემბერი

  2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტი და 2023-2026 წლების პრიორიტეტების დოკუმენტი ამჯერად განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტში განიხილეს.

  აჭარის მთავრობის თავმჯდომარის - თორნიკე რიჟვაძის მიერ ინიცირებული კანონის პროექტი ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა - ჯაბა ფუტკარაძემ წარმოადგინა.

 ძირითადი საბიუჯეტო პარამეტრების, მნიშვნელოვანი პროგრამებისა და სიახლეების განხილვის შემდეგ, კომიტეტის წევრებს განათლების, კულტურისა და სპორტის მიმართულებით, კანონის პროექტით გათვალისწინებული პროგრამები განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა - მაია ხაჯიშვილმა გააცნო.

 მინისტრის განცხადებით, უწყების მომავალი წლის ბიუჯეტი 15 %-ით იზრდება და 95 მილიონ ლარს აჭარბებს, თუმცა ეს საბოლოო პარამეტრები არ არის. გაზრდილი ბიუჯეტი მოიცავს სასკოლო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის, სკოლების ავტორიზაციისთვის მომზადების, მოსწავლეთა ტრანსპორტირების, სტუდენტთა უცხოეთში სწავლების, საერთო საცხოვრებლებით უზრუნველყოფისა და სხვა მნიშვნელოვან პროგრამებს.

  მინისტრებმა უპასუხეს კანონმდებელთა შეკითხვებს და მოისმინეს მათი მოსაზრებები. კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკითხზე შემდგომი პროცედურების გაგრძელებას.

 სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე - დავით ბაციკაძე უძღვებოდა, ასევე განიხილეს და ცნობად მიიღეს ჯაბა ფუტკარაძის მიერ წარმოდგენილი 2022 წლის ბიუჯეტის სამი კვარტლის შესრულების ანგარიში.