10 სექტემბერი

     აჭარის უმაღლესი საბჭოს დელეგაცია, დავით გაბაიძის მეთაურობით, პოლონეთში, კარპაჩის 31-ე ეკონომიკურ ფორუმში - "ევროპა ახალი გამოწვევების წინაშე" მონაწილეობდა.  

      ვიზიტის ფარგლებში, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - დავით გაბაიძე  ქვემო სილეზიის სავოევოდოს მარშალს - ცეზარ ფშიბილსკის, ვიცე-მარშალს - მარჩინ კჟიჟანოვსკის და ვროცლავის მერს - იაცეკ სუტრეკს და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდა.

   შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდა ორი მეგობარი და პარტნიორი ქვეყნის რეგიონებს შორის მეგობრულ, ეკონომიკურ, საქმიან ურთიერთობებსა და ერთობლივ პროექტებზე.

      დელეგაცია, რომლის უშუალო მასპინძელი ქვემო სილეზიის მარშალის ოფისია,  რეგიონულ საინვესტიციო გამოფენასა და ეკონომიკურ საკითხებზე გამართულ პლენარულ სხდომებს, ასევე სკლარსკა პორებაში ქვემო სილეზიის სპორტული ცენტრის გახსნის ოფიციალურ ღონისძიებას დაესწრო.

      „ფორუმი, რომელიც ყოველი წლის სექტემბრის დასაწყისში იმართება, ყველაზე მასშტაბურია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში და 4000-ზე მეტ პოლიტიკურ ლიდერს აერთიანებს. ამჯერად, პოლიტიკის, ეკონომიკის, ადგილობრივი ხელისუფლების, კულტურისა და მეცნიერების ცნობილი წარმომადგენლები, ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და მათ მეზობლებს შორის პოლიტიკურ-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებისათვის ხელსაყრელი კლიმატის შექმნაზე სამი დღის განმავლობაში მსჯელობდნენ. მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესებში ჩვენი რეგიონი ღირსეულად იყო წარმოდგენილი და უშუალოდ მონაწილეობდა ეკონომიკური საკითხების განხილვაში“, - აღნიშნა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ.

       კარპაჩის  ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში მიმდინარე მრავალრიცხოვანი ღონისძიებები შუქდებოდა მთელს ევროპაში.