26 აგვისტო

      „საზღვარგარეთ მკურნალობა, ხშირ შემთხვევაში, გარკვეულ დროს საჭიროებს, დროს რომელიც, უმეტესად, გადამწყვეტია ადამიანის გადასარჩენად. ბათუმის სამედიცინო ცენტრი პაციენტებს ადგილზე სთავაზობს უახლესი თანამედროვე -  მინიინვაზიური კარდიოქირურგიული მეთოდით მკურნალობას, რაც მისასალმებელია,“ - განაცხადა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ საკანონმდებლო ორგანოში ცენტრის ექიმებთან, დამფუძნებლებთან და სამეთვალყურეო საბჭოს წარმომადგენლებთან საუბრისას.

          სამუშაო-გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, პროფესორმა ოტო დაპუნტმა, რომელიც რამდენიმე ათეული წელია მუშაობს მსოფლიოს წამყვან კლინიკებში, სამედიცინო უნივერსიტეტებში, ამჟამად იმყოფება აჭარაში და ბათუმის სამედიცინო ცენტრში („ბი ემ სი“) ახალი მეთოდით მკურნალობს პაციენტებს, უახლეს მინიინვაზიურ კარდიოქირურგიულ მეთოდზე პრეზენტაცია წარმოადგინა. ცენტრის წარმომადგენლების განცხადებით, ამ მეთოდით კლინიკაში არაერთი წარმატებული ოპერაცია ჩატარდა. 

       შეხვედრაზე,  რომელსაც ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ილია ვერძაძე, უმაღლესი საბჭოს აპარატის წარმომადგენლები - ლეილა ღოღობერიძე და ხათუნა ნაყეური ესწრებოდნენ, ყურადღება გამახვილდა სახელმწიფოს ჩართულობის საკითხებზე და  მის მნიშვნელობაზე.