29 ივლისი

  აჭარის უმაღლეს საბჭოში საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ორდღიანი სამუშაო შეხვედრა დასრულდა.

  ამჯერად, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრისა და დასაქმების სააგენტოს პროგრამებისა და გამოწვევების შესახებ ინფორმაციები კანონმდებლებს აღნიშნული უწყებების ხელმძღვანელებმა გააცნეს.

  რუსუდან შავიშვილმა ჯანდაცვის ცენტრის მიერ გაწეულ საქმიანობაზე, ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობაზე, მოზარდების სისხლში ტყვიის შემცველობის მაჩვენებლებსა და შესაბამისი სკრინინგ პროგრამის შედეგებზე ისაუბრა.

  თეიმურაზ კახიძემ თავის მოხსენებაში ყურადღება გაამახვილა იმ პროგრამებსა და სიახლეებზე, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობისა და სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე პირების გადამზადება-დასაქმებას ითვალისწინებს.

  სამუშაო შეხვედრაზე დიპლომისშემდგომ სამედიცინო განათლების პროგრამის მიმდინარეობასა და ტურიზმის სამედიცინო ასპექტებზე აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა და პირველმა მოადგილემ - ნინო ნიჟარაძემ და მარი ზანაქიძემ ისაუბრეს.

  შეხვედრის დასასრულს გაიმართა დისკუსია.