28 ივლისი

 აჭარის უმაღლეს საბჭოში საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ორდღიანი სამუშაო შეხვედრა გაიხსნა.

 შეხვედრის მონაწილეებს აღნიშნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე - ზაალ მიქელაძე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე - თამარ გაბუნია და აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - ილია ვერძაძე მიესალმნენ.

 "ჩვენ ინტენსიურად ვთანამშრომლობთ საქართველოს პარლამენტის დარგობრივ კომიტეტთან. ერთიან საკანონმდებლო სივრცეში ბევრი საკითხია, რომელიც კოორდინირებულად, ურთიერთმხარდაჭერით უნდა გადაწყდეს. ის რესურსი, რომელიც აქვს საქართველოს პარლამენტს, ძალზე მნიშვნელოვანია ყოველდღიური საკითხების მოსაგვარებლად და ახალი საკანონმდებლო ინიციატივების მისაღებად", - აღნიშნა ილია ვერძაძემ.

  შეხვედრაზე, აჭარაში 2022 წლის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის პროგრამებისა და ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის მიმდინარეობისა და გამოწვევების შესახებ მოხსენება აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა - ნინო ნიჟარაძემ წარმოადგინა.