09 ივნისი

  საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, მესამე მოსმენით განიხილეს აჭარის უმაღლესი საბჭოს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებას ითვალისწინებს. კანონის პროექტი აჭარის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - ლადო მგალობლიშვილმა წარადგინა.

  „ცვლილების თანახმად, საქართველოს პარლამენტში ინიცირებული ნებისმიერი კანონპროექტის განმარტებით ბარათში, უნდა აღინიშნოს თუ რა გავლენას მოახდენს კონკრეტული კანონპროექტი ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის საშემოსავლო და ხარჯვით ნაწილზე. კანონის პროექტთან დაკავშირებით, შენიშვნები არ გამოთქმულა“, - აღნიშნა ლადო მგალობლიშვილმა.

 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ ინიცირებულ კანონპროექტს პარლამენტმა 89 ხმით დაუჭირა მხარი.