07 ივნისი

  უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე პლენარული სხდომა  აჭარის  მთავრობის თავმჯდომარის ანგარიშს დაეთმო - თორნიკე რიჟვაძემ ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობის 2021-2022 წლის ანგარიშში  განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

  მომხსენებელმა  ვრცელი ინფორმაცია წარმოადგინა ტურიზმის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, საგანმანათლებლო, სპორტული, სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურული და სხვა პროექტების თაობაზე. თორნიკე რიჟვაძემ ყურადღება გაამახვილა რეგიონში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე.

  ანგარიშის წარდგენის შემდეგ მომხსენებელმა უპასუხა უმაღლესი საბჭოს წევრების შეკითხვებს, რომლებიც სოფლად წყალმომარაგებაში არსებულ გამოწვევებს, ტურიზმის დივერსიფიკაციას, მაღალმთიან აჭარაში დისტანციური სწავლებისთვის ინერნეტით უზრუნველყოფას, უმაღლეს საბჭოში შემოსულ პეტიციებს, სოფლის მეურნეობის საკითხებს, ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, „მწვანე ქალაქის“ მშენებლობას, ავარიული სახლების პროგრამაში კერძო სახლების ჩართვისა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს მოიცავდა.

  კითხვა-პასუხის შემდეგ მთავრობის თავმჯდომარემ უმაღლესი საბჭოს კომიტეტების თავმჯდომარეებისა და ცალკეული წევრების გამოსვლები მოისმინა.

  „მიუხედავად გამოწვევებისა, ვცდილობთ, ბიუჯეტის შესაძლებლობების ფარგლებში, ყველა სეგმენტი მოვიცვათ და მთავრობასთან ერთად, მაქსიმალურად გავითვალისწინოთ  მოსახლეობის ინტერესები“, - აღნიშნა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ შემაჯამებელი სიტყვით გამოსვლისას.

   წარმოდგენილი ანგარიში კანონმდებლებმა ცნობად მიიღეს.

   სხდომას ესწრებოდნენ აჭარის მთავრობის წევრები, საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელები და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები.