7 ივნისს, აჭარის უმაღლეს საბჭოში, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის - თორნიკე რიჟვაძის ანგარიშს მოისმენენ. პლენარულ სხდომაზე, აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურის ყოველწლიური ანგარიშის წარდგენის თარიღი ბიუროს რიგით მე-9 სხდომაზე განისაზღვრა, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის მოადგილე - ტიტე აროშიძე უძღვებოდა.
კანონმდებლებმა სხდომაზე ასევე განიხილეს დადგენილების პროექტი - „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ“, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს 2021 წლის საქმიანობის ანგარიში და დადგენილების პროექტი - ,,საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის, პირობებისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“.
შესაბამისი მოხსენებები სხდომაზე საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ, საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტების თავმჯდომარეებმა - მარინე გვიანიძემ და ლადო მგალობლიშვილმა წარმოადგინეს.
ბიუროს სხდომაზე სულ დღის წესრიგით გათვალისწინებული 5 საკითხი განიხილეს.