02 ივნისი

 ბათუმში შრომის უსაფრთხოების საკითხებზე ერთობლივად მსჯელობენ ქართველი და უცხოელი სპეციალისტები. საერთაშორისო კონფერენცია - „პარტნიორული სისტემის განვითარება საქართველოში გარემოსდაცვითი და შრომის უსაფრთხოების სტანდარტების გასაუმჯობესებლად“ აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობისა დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - ილია ვერძაძემ,  „ სამუშაო ადგილებზე უსაფრთხოების, ჯანმრთელობის, გარემოს დაცვის საერთაშორისო ასოციაციის“ ხელმძღვანელმა - კარჰაინც კალენბერგმა და „ბიზნეს საქართველოს“ პრეზიდენტმა - მიხეილ კორძახიამ გახსნეს.

 „ჩვენს ქვეყანაში შრომის უსაფრთხოება შესაბამისი კანონმდებლობით რეგულირდება და მისი მიზანი სამუშაო ადგილებზე უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა, მოსალოდნელი საფრთხეების, ასევე დაავადებების თავიდან აცილება, დასაქმებულთა შრომითი უფლებების თანაბარი გადანაწილება და რიგი სხვა მნიშვნელოვანი საკითხების უზრუნველყოფაა. თუმცა, კანონმდებლობის მიუხედავად, შრომითი უსაფრთხოების დაცვა კვლავ გამოწვევად რჩება და ამ მიმართულებით მსგავსი ღონისძიებების გამართვა, ძალზე მნიშვნელოვანია,“ - აღნიშნა ილია ვერძაძემ.

  კონფერენია, რომელშიც ბიზნესკომპანიებისა და შრომის უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ, რამდენიმე სესიად წარიმართა და თემატური პროექტების წარდგენის პარალელურად, ერთობლივი რეკომენდაციების მიღებით დასრულდა. ამასთან, ხელი მოეწერა ქართულ და გერმანულ  მხარეებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის ერთ-ერთი პუნქტი აჭარაში შრომის, გარემოსდაცვითი პოლიტიკის ხელშეწყობას ითვალისწინებს.