27 მაისი

 „უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტი, აჭარის ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო სკოლების ბიბლიოთეკებში არსებული მდგომარეობის შესწავლის მიზნით, თემატურ მოკვლევას იწყებს,“ - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით ბაციკაძემ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარის №1საჯარო სკოლაში გამართულ კომიტეტის გასვლით სხდომაზე.

 როგორც აღინიშნა, უმაღლესი საბჭოს დარგობრივი კომიტეტი ამ მიზნით, საწყის ეტაპზე საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს გეგმავს. ამასთან, სპეციალურად მომზადებული კითხვარები რესურსცენტრებსა და საჯარო სკოლებს დაეგზავნება. შემოსული მასალების ანალიზის შემდგომ კი, მომზადდება დასკვნა, რომლის საფუძველზეც დაიგეგმება სათანადო ღონისძიებები და შემუშავდება რეკომენდაციები.

 კომიტეტი ანალოგიურ გასვლით სხდომებს უახლოეს მომავალში აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებშიც გამართავს.

 სხდომას ხელვაჩაურის საჯარო სკოლების დირექტორები და ბიბლიოთეკარები ესწრებოდნენ.