19 მაისი

  აჭარის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე, „მინისტრის საათის“ ფორმატში,  განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრს მოუსმინეს -  მაია ხაჯიშვილი  სამინისტროს საქმიანობის შესახებ მოხსენებით წარსდგა.

  მომხსენებლის განცხადებით,  2021 წელი სამინისტროსათვის, პანდემიის გამო, მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო. შეზღუდვები გავრცელდა კულტურულ, სპორტულ ღონისძიებებზე, სწორედ ამიტომ,  უწყებამ, ძირითადი აქცენტები ინფრასტრუქტურულ, სოციალურ პროექტებსა და საერთაშორისო ურთიერთობებზე გადაიტანა. შარშან სამინისტროს ბიუჯეტი 64 მილიონი ლარი იყო, წელს კი 73 მილიონს აჭარბებს.

  როგორც მაია ხაჯიშვილმა აღნიშნა, 2021 წელს საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარებაზე - მშენებლობასა და რეაბილიტაციაზე 14 000 000 ლარი გაიხარჯა, წელს კი ამ მიზნით 17 802 460 ლარია გათვალისწინებული.

  მინისტრმა განათლების სფეროში სამინისტროს მიერ ხუთი ძირითადი მიმართულებით განხორციელებული პროგრამების და პროექტების შესახებ ვრცელი ინფორმაციის წარდგენის შემდეგ, კულტურისა და სპორტის სფეროებზე ისაუბრა.

  მაია ხაჯიშვილმა უმაღლესი საბჭოს წევრებს მადლობა გადაუხადა საქართველოს პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივის წესით - „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების წარდგენისათვის, რომლის მიღებით, ავტონომიურ რესპუბლიკებში არსებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, დასაქმებისა და ახალგაზრდობის სფეროში, გრანტის გაცემის უფლებამოსილება მიენიჭათ.

  მოხსენების დასრულების შემდეგ, მინისტრმა უპასუხა კანონმდებელთა და მოქალაქეთა კითხვებს. აჭარის უმაღლესი საბჭოს ახალი ვებპლატფორმის - chaerte.sca.ge-ის მეშვეობით ელექტრონულად „მინისტრის საათისთვის“ შემოსული კითხვები სხდომაზე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ - დავით გაბაიძემ გააჟღერა.