02 მაისი

" ჩვენი ქვეყანა ყოველთვის გამოირჩეოდა ტოლერანტობით, კაცთმოყვარეობით. საუკუნეების განმავლობაში აქ ძმურად ცხოვრობდნენ სხვადასხვა აღმსარებლობის ადამიანები, ერთად იზიარებდნენ ყველა ტკივილსა თუ სიხარულს და ეს უკვე ტრადიციაა. მინდა თითოეულ მუსლიმანს და განსაკუთრებით საქართველოში მცხოვრებ მუსლიმანებს, მივულოცო დღევანდელი დღე, ვუსურვო მათ მშვიდობა და კეთილდღეობა ", - ამ სიტყვებით მიულოცა რამადან ბაირამის დღესასწაული აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ - დავით გაბაიძემ ბათუმის ორთაჯამეში შეკრებილ მორწმუნეებს.

   უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - დავით გაბაიძე და თავმჯდომარის მოადგილე - ტიტე აროშიძე, მეჩეთში, მთავრობის თავმჯდომარესთან - თორნიკე რიჟვაძესთან, ქალაქ ბათუმის მერთან - არჩილ ჩიქოვანთან და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად  რამადან ბაირამის ლოცვას დაესწრნენ. მათ მორწმუნეებს მშვიდობა, კეთილდღეობა, წარმატებები უსურვეს და იმედი გამოთქვეს, რომ საუკუნოვანი ტრადიციები კვლავაც გაგრძელდება.