28 თებერვალი

 „გამოვხატავ ჩვენს სოლიდარობას უკრაინელი ხალხის მიმართ და ვუსურვებ მათ  მშვიდობას.  იღუპებიან  სრულიად უდანაშაულო ადამიანები, მშვიდობიანი მოქალაქეები. გთხოვთ, წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ  დაღუპულთა ხსოვნას“, - ამ განცხადებით დაიწყო  აჭარის უმაღლესი საბჭოს  თავმჯდომარემ - დავით გაბაიძემ  საკანონმდებლო ორგანოს ბიუროს პირველი სხდომა.

 დავით გაბაიძემ ბიუროს წევრებს ინფორმაცია მიაწოდა  საკანონმდებლო ორგანოში 24 თებერვალს  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით მომზადებული რეზოლუციის პროექტის შემოსვლის თაობაზე.

 ბიურომ განიხილა და განსაზღვრა  უმაღლესი საბჭოს 2022 წლის საგაზაფხულო სესიაზე მინისტრის საათის (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე სამინისტროს საქმიანობის შესახებ მთავრობის ცალკეული წევრის მოხსენების) განრიგი.
 დავით გაბაიძის მიერ წარმოდგენილი  განრიგის თანახმად,  „მინისტრის საათის“ ფარგლებში, უმაღლეს საბჭოში, 17 მარტს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრს მოუსმენენ. 21 აპრილს - ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, 19 მაისს - განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, 2 ივნისს  კი ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი წარსდგება კანონმდებელთა წინაშე.  ამის შემდეგ, სავარაუდოდ  ერთი კვირის ვადაში, უმაღლეს საბჭოში მთავრობის თავმჯდომარის მოსმენა იგეგმება.