17 მაისი

            აჭარის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ, თავმჯდომარის მოადგილემ მერაბ კარანაძემ, ფრაქცია „ქართული ოცნება - მაჟორიტარების“ თავმჯდომარემ ილია ვერძაძემ, აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ვახტანგ წულაძემ უმაღლესი საბჭოს სხდომათა დარბაზში, 17 მაისს, ქალაქ ბათუმის მე-14 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის - „მზიანეთის“ წევრებსა და მათ პედაგოგს ლალი აბდუშელიძეს უმასპინძლეს.

         -როგორ გავაკეთოთ არჩევანი, როგორ იქმნება კანონები, ამართლებს თუ არა მსოფლიოში ცნობილი პოლიტიკოსების უძველესი თეზისები თანამედროვეობაში, რა შეიცვლება აჭარის კონსტიტუციაში? - ეს მხოლოდ მცირედი ჩამონათვალია, იმ კითხვებისა, რომლებიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს სხდომათა დარბაზში გამართულ შეხვედრაზე დაისვა.

                    უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ მოსწავლეებს საკანონმდებლო ორგანოს სტრუქტურაზე, მის ფუნქციებსა და ძირითად პრინციპებზე მიაწოდა ინფორმაცია, ისაუბრა ხელისუფლების აღმასრულებელი და საკანონმდებლო შტოების კომპეტენციებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, ასევე საკონსტიტუციო ცვლილებებზე.

      კლუბი, რომელიც მესამე და მეათე კლასების 30-მდე ბავშვს აერთიანებს, მე-14 საჯარო სკოლაში 8 წელია ფუნქციონირებს. მოსწავლეები აქტიურად თანამშრომლობენ სხვადასხვა უწყებასთან, ქალაქის მერიასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, აწყობენ სხვადასხვა აქციებს და მონაწილეობენ შემეცნებით სასწავლო ტურებში. სწორედ ერთ-ერთი ასეთი ტურის ფარგლებში, კლუბის წევრები საკანონმდებლო ორგანოს ეწვივნენ და მათთვის საინტერესო საკითხებზე განმარტებები უშუალოდ პოლიტიკოსებისაგან მოისმინეს.

        საინტერესო შეხვედრის დასასრულს მოსწავლეებმა პოლიტიკოსებთან ერთად სამახსოვრო სურათები გადაიღეს და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის სამუშაო კაბინეტი დაათვალიერეს.