საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

გენდერული თანასწორობა - ევროპული გამოცდილება

17 მაისი

                 
        აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭო 16 მაისს, ბათუმში, სასტუმრო «ჰილტონში“ გამართულ კონფერენციაში  - „ქალთა და მამაკაცთა თანაბარი მონაწილეობა ადგილობრივ თვითმმართველობაში - ევროპული ქარტიის პრინციპები“ მონაწილეობდა.

         კონფერენციაზე, რომლის მიზანი  ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდა, „ადგილობრივ ცხოვრებაში ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის შესახებ “ ევროპული ქარტიის პრინციპების გაცნობა და პოპულარიზაცია იყო, საკანონმდებლო ორგანოს გენდერული თანასწორობის საბჭო ფართო წარმომადგენლობით იყო მიწვეული.  უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ მერაბ კარანაძემ საბჭოს საქმიანობაზე, ხოლო ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ცოტნე ანანიძემ ქალთა და მამაკაცთა თანასწორობაზე, როგორც დემოკრატიის გარანტიაზე ქვეყანაში, დაბალანსებული წარმომადგენლობის მიღწევის შესაძლებლობებზე (მათ შორის, კვოტირების გზით) ისაუბრეს.

     კონფერენციაზე მოწვეული იყო ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციის ექსპერტი გენდერულ საკითხებში ლის შანკი, რომელმაც ნორვეგიელთა გამოცდილება გაუზიარა დამსწრე საზოგადოებას, ისაუბრა სქესთა შორის უთანასწორობის დაძლევის სხვადასხვა მეთოდზე ადგილობრივ დონეზე. კონფერენციის მონაწილეებმა მოისმინეს მოხსენებები ქალთა და მამაკაცთა შორის თანასწორობის გარანტიებზე შვედეთის, შვეიცარიის, საფრანგეთის და სხვა ევროპული ქვეყნების გამოცდილებაზე. აქვე იყო წარმოდგენილი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების კვლევები და შეფასებები საქართველოში არსებულ გენდერულ პრობლემებთან დაკავშირებით.

        ღონისძიებაზე, რომელიც საქართველოსა და ნორვეგიის თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციებისა და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით იყო ორგანიზებული, გაიმართა დისკუსია.

            კონფერენციას, აჭარის უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებთან ერთად, ესწრებოდნენ: აჭარის მუნიციპალიტეტების თვითმმართველობების, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები.