30 ნოემბერი

 საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის მორიგ სხდომაზე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების -ა(ა)იპ ,,ბათუმის ბიზნეს ინკუბატორის“ 2020 წლის და 2021 წლის 10 თვის საქმიანობის თაობაზე ინფორმაცია მოისმინეს. შესაბამისი მოხსენება ,,ბათუმის ინკუბატორის“ დირექტორმა - კახა შავაძემ წარმოადგინა. მისი განცხადებით, ინკუბატორში, რომელიც წლიურად 75 ათასი ლარით ფინანსდება, 10 სივრცეა მოწყობილი და სტარტაპერებს, ბიზნესის განვითარებისთვის საბაზრო ღირებულებაზე გაცილებით ნაკლები ხარჯი აქვთ. საანგარიშო პერიოდში შეიქმნა 300 მუდმივი სამუშაო ადგილი და რეგიონში გაიზარდა  არა მხოლოდ ახალი გადამხდელი სუბიექტების რაოდენობა, არამედ შემოსავლებიც.

 მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა გაეროს განვითარების პროგრამისა და აჭარის მთავრობის მხარდაჭერით განხორციელებულ პროექტებზე, რომელთაგან ერთ-ერთი - „სოფლად არასასოფლო ბიზნესის განვითარებისთვის“ ძალზე წარმატებით განხორციელდა და 35 პროექტი დაფინანსდა.  ტრენინგ-სემინარების კურსისა და სხვა ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მოსმენის შემდეგ, კანონმდებლებმა ნახეს ბიზნესინკუბატორის საქმიანობის ამსახველი ერთ-ერთი ვიდეორგოლი.

კითხვა-პასუხის დასრულების შემდეგ, გამოითქვა გასვლითი სხდომის გამართვის წინადადებაც, რომლის მიზანი წარმატებული პროექტების ადგილზე გაცნობა და მათთვის ხელშემწყობი ღონისძიებების ერთობლივად დაგეგმვა იქნება.

კომიტეტმა წარმოდგენილი ინფორმაცია ცნობად მიიღო.