15 მაისი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ბიუროს 15 მაისის სხდომაზე, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე უძღვებოდა, დღის წესრიგით გათვალისწინებული ოთხი საკითხი განიხილეს.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2016 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის წლიური შესრულების მიმოხილვა სხდომაზე საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ გიორგი რომანაძემ წარმოადგინა. ბიუროს გადაწყვეტილებით, საკითხი პლენარულ სხდომაზე განიხილება. გადაწყვეტილების წინააღმდეგი მხოლოდ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ელგუჯა ბაგრატიონი იყო.

„ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონის პროექტის განხილვა მომხსენებლის - გიორგი რომანაძის ინიციატივით გადავადდა. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის დავით გაბაიძის წინადადებით, მისი განხილვის ბოლო ვადად 23 მაისი განისაზღვრა.

უახლოეს პლენარულ სხდომაზე განიხილება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ“ , რომელიც ასევე საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ გიორგი რომანაძემ წარმოადგინა.

ბიუროს წევრებმა ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღეს უმაღლესი საბჭოს წევრის მერაბ კარანაძის მიერ წარმოდგენილ დადგენილების პროექტთან - „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2013 წლის 14 ნოემბრის N81 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე დაკავშირებითაც.