21 სექტემბერი

 აჭარის  2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ორი კვარტლის შესრულება განიხილეს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარე ილია ვერძაძე უძღვებოდა.

 საკითხი სხდომაზე ფინანსთა  და  ეკონომიკის  მინისტრმა წარმოადგინა. ჯაბა ფუტკარაძის განცხადებით, 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობებმა საანგარიშო პერიოდში 120 მილიონი ლარი შეადგინა, რაც შესრულების 86%-იანი მაჩვენებელია.  108 მილიონი ლარია  (84 %) საშემოსავლო გადასახადების ნაწილში, სხვა შემოსავლები კი 4 მილიონ 800 ათას ლარს აჭარბებს, რაც შესრულების 101 %-იანი მაჩვენებელია. მინისტრის თქმით,  ამავე პერიოდში ხარჯვითი ნაწილი 76 % -ით შესრულდა და 98 მილიონ ლარს გადააჭარბა და მიუხედავად პანდემიისა, რეგიონში არც ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი არ შეფერხებულა.

 სხდომაზე ყურადღება გამახვილდა ეპიდვითარებასა და ამ მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებზე. მომხსენებლის განცხადებით, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორი კვარტლის შესრულების მაჩვენებელი 77 %-ია, რაც ეპიდვითარებამ განაპირობა - 2020 წლის ბოლოს აჭარაში 45 საკარანტინე სივრცე და 11 კოვიდსასტუმრო ფუნქციონირებდა, 2021 წლის მეორე კვარტალში კი, ეპიდვითარებიდან გამომდინარე,  1 საკარანტინე სივრცე და 2 კოვიდსასტუმრო მუშაობდა.

 ძირითადი მოხსენების შემდეგ, ჯაბა ფუტკარაძემ უპასუხა კანონმდებლების შეკითხვებს.

 კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკითხზე რეგლამენტით გათვალისწინებული შემდგომი პროცედურების გაგრძელებას.