07 სექტემბერი

 დღეს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში, ბიუროს სხდომით საშემოდგომო სესია გაიხსნა. სხდომაზე, რომელსაც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ტიტე აროშიძე უძღვებოდა, პირველ საკითხად აჭარის 2021 წლის ბიუჯეტის ორი კვარტლის შესრულება განიხილეს.

 საფინანსო საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის - მარინე გვიანიძის მიერ გამოტანილი საკითხი, ბიუროს გადაწყვეტილებით, კომიტეტებში ჩაეშვა განსახილველად, განისაზღვრა წამყვანი კომიტეტი და განხილვის ვადები.

 ბიურომ მხარი დაუჭირა ამავე მომხსენებლის მიერ წარმოდგენილი "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების განხილვის ვადის გაგრძელებას.

  დადგენილების პროექტი უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭოს 2021-23 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ ბიუროს წევრებს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ცოტნე ანანიძემ წარუდგინა. ბიურომ მხარი დაუჭირა საკითხის პლენარულ სხდომაზე გატანას.

 კანონმდებლებმა განიხილეს და ცნობად მიიღეს ოთხი კომიტეტის 2021-2022 წლების კორექტირებული სამოქმედო გეგმები, რომლებიც სხდომაზე კომიტეტების თავმჯდომარეებმა წარმოადგინეს.

 ბიურომ ცნობად მიიღო ინფორმაცია გია აბულაძის ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ არჩევის შესახებ.