12 მაისი

სასტუმრო "შერატონში", კომპანია "ექსპო-ბათუმის" ორგანიზებით, 12 მაისს ტურიზმისა და სასატუმრო აღჭურვილობის მე-10 საერთაშორისო საიუბილეო გამოფენა "EXPO BATUMI 2017" მოეწყო.

გამოფენა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ, ქვემო სილეზიის სავოევოდოს მარშალმა ცეზარ ფშიბილსკიმ, ქვემო სილეზიის პარლამენტის (სეიმიკის) თავმჯდომარემ პაველ ვრუბლევსკიმ, თურქეთის გენერალურმა კონსულმა ბათუმში იასინ თემიზქანმა და აზერბაიჯანის კონსულმა ბათუმში რაშად ისმაილოვმა საზეიმო ვითარებაში გახსნეს.

საიუბილეო გამოფენაზე წარმოდგენილი იყო როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური პროდუქცია. სტუმრები ერთ სივრცეში გაეცვნენ რეგიონის კულტურას, დააგემოვნეს აჭარაში წარმოებული სასმელები და ტრადიციული კერძები.

დავით გაბაიძემ გამოფენის მონაწილე ათივე ქვეყნის 20 კომპანიის წარმომადგენელს ნაყოფიერი საქმიანობა უსურვა.

გამოფენას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ნუგზარ სურმანიძე, ილია ვერძაძე და აჭარის მთავრობის წარმომადგენლები დაესწრნენ.

"EXPO BATUMI 2017“-სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება, ასევე დაგეგმილია კონფერენციის მონაწილეთა მიერ მომზადებული სარეკლამო, საინფორმაციო ტურებისა და პრეზენტაციების გამართვა.

საერთაშორისო გამოფენის "EXPO BATUMI 2017" მხარდამჭერია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, ქალაქ ბათუმის მერია, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, აჭარის სავაჭრო სამრეწველო პალატა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია.