საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

უმაღლეს საბჭოსა და ქვემო სილეზიის სეიმიკს შორის მემორანდუმი გაფორმდა

11 მაისი

11 მაისს, თბილისში, საქართველოს პარლამენტის ბაგრატოვანთა დარბაზში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ და ქვემო სილეზიის სავოევოდოს პარლამენტის (სეიმიკის) თავმჯდომარემ პაველ ვრუბლევსკიმ ორ საკანონმდებლო ორგანოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

დოკუმენტი, რომლის მიზანი ორი მეგობარი ქვეყნის რეგიონთა შორის ურთიერთობების გაღრმავებაა, ეკონომიკის, მცირე და საშუალო მეწარმეების, ბიზნესექტორის წარმომადგენლების დაკავშირებას, ევროპული იდეისა და ღირებულებების პოპულარიზაციას, თვითმმართველობების კუთხით ურთიერთობას, კულტურულ-საგანმანათლებლო და რიგი სხვა მიმართულებით თანამშრომლობას ითვალისწინებს.

მემორანდუმის თანახმად, რიგი ორგანიზაციული საკითხების გარდა, რეგიონთაშორისი თანამშრომლობის ხელშეკრულების განხორციელებაზე მონიტორინგს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქვემო სილეზიის პარლამენტის (სეიმიკის) დეპუტატები განახორციელებენ, ამასთან, ისინი მხარს დაუჭერენ აჭარასა და ქვემო სილეზიას შორის თანამშრომლობის ახალი მიმართულებების ჩამოყალიბება-რეალიზებას.

მემორანდუმის ხელმოწერას ესწრებოდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეები - გიორგი ვოლსკი და ილია ნაკაშიძე, პოლონეთის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი საქართველოში მარიუშ მაშკევიჩი, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი.

აქვე გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი ქობულეთისა და ქალაქ მილიჩის მერიებს შორის, რომელსაც ხელი მოაწერეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა სულხან ევგენიძემ და ქალაქ მილიჩის ვიცე-მმართველმა სლავომირ სტრელეცკიმ.

პოლონეთის დელეგაცია ხვალ ქალაქ ბათუმს ეწვევა.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი