10 მაისი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე 10 მაისს ორთაბათუმის მცხოვრებლებს შეხვდა.

არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ მიერ ორთაბათუმის ხელოვნებისა და სპორტის ცენტრში ორგანიზებულ დისკუსია-შეხვედრაზე აჭარის საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ უმაღლესი საბჭოს ფუნქციებზე, კომპეტენციაზე, მის საქმიანობასა და ძირითად პრინციპებზე ისაუბრა.

დავით გაბაიძემ, როგორც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრმა, შეკრებილებს კონსტიტუციური კანონის პროექტზე, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“ კონსტიტუციური კანონის პროექტსა და ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე ვრცელი ინფორმაცია მიაწოდა და უპასუხა მათ შეკითხვებს.

ორთაბათუმში გამართული დისკუსია-შეხვედრა რიგით მესამე ღონისძიებაა, რომელიც „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა“ ამერიკული ორგანიზაცია „NED-ის“ მიერ დაფინანსებული პროექტის - „დემოკრატიული იდეების განვითარება“ ფარგლებში მოაწყო.