09 მაისი

9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების დღე გმირთა ხეივანში შეკრებილ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს და მათი ოჯახის წევრებს მიულოცეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარეებმა - დავით გაბაიძემ და ზურაბ პატარაძემ, ქალაქ ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა,აჭარის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ქალაქ ბათუმის, მუნიციპალიტეტების თვითმმართველობების და საზოგადოებრიობის წარმომადგენლებმა.

ამჟამად, ბათუმში მეორე მსოფლიო ომის 26 ვეტერანი და ომში დაღუპულთა 18 ოჯახი ცხოვრობს. ქალაქის მერმა მათ გამარჯვების დღე მიულოცა , ჯანმრთელობა და მხნეობა უსურვა.

ბათუმის საზღვაო აკადემიის კურსანტებმა და სასულე ორკესტრმა მხედრული პატივი მიაგეს დაღუპულების ხსოვნას.

9 მაისი შორეული ნაოსნობის სახელგანთქმული კაპიტნის - ლეგენდარული ანატოლი კაჭარავას დაბადების დღეა. მან საომარი მოქმედებების დროს არაერთი სახიფათო რეისი შეასრულა,რისთვისაც საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა.

მომავალმა ზღვაოსნებმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო და აღმასრულებელი, ასევე ქალაქის თვითმმართველობის ხელმძღვანელებთან ერთად ანატოლი კაჭარავას საფლავი ყვავილებით შეამკეს და მხედრული პატივი მიაგეს მის ხსოვნას.

9 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიება ფერიის ძმათა სასაფლაოზე დასრულდა, სადაც საომარი მოქმედებების დროს დაღუპული მეომრები განისვენებენ.

გმირთა საფლავები გაზაფხულის ყვავილებით შეიმკო და მათი სულების მოსახსენიებლად სანთლები აინთო, იმის ნიშნად, რომ არავინ და არაფერია დავიწყებული!