08 მაისი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები 8 მაისს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვაში მონაწილეობდნენ.

როგორც ცნობილია, პროექტის განხილვა ქუთაისიდან დაიწყო და საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ამავე კომისიის წევრები უკვე იმყოფებოდნენ რაჭასა და გურიაში. ბათუმში გამართულ შეხვედრას შემოუერთდა საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი.

განხილვის მონაწილეებს მიესალმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე. მისი განცხადებით, კონსტიტუციური კანონის პროექტი და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“ კონსტიტუციური კანონის პროექტი დემოკრატიულ ღირებულებებს ეფუძნება, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების კოორდინირებულ მუშაობაზე, ქვეყნისა და რეგიონის წინსვლაზეა ორიენტირებული.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თავის გამოსვლა „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“ კონსტიტუციურ კანონში განხორციელებული ცვლილებების განხილვით დაიწყო. როგორც მან აღნიშნა, საკონსტიტუციო ცვლილებებზე მომუშავე სახელმწიფო კომისიაში აჭარის ხმა სრულად აისახა, ვინაიდან აღნიშნულ კომისიაში ავტონომიურ რესპუბლიკას წარმოადგენდნენ უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეები - დავით გაბაიძე და ზურაბ პატარაძე.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“ დღეს მოქმედი კონსტიტუციური კანონი ტექნიკურად გაუმართავია და სახელწმიფო კომისია გვთვაზობს მის სრულიად ახალ, 5-მუხლიან რედაქციას, რომლის თანახმად, პირველი მუხლი, რომელიც განსაზღვრავს ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსსა და მასთან დაკავშირებულ საკითხებს, სრულიად უცვლელია, ანუ მასში შენარჩუნებულია ავტონომიის მაღალი ხარისხი.

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარის განმარტებით, იცვლება და იხვეწება აღნიშნული კანონის მეორე მუხლი, რომელიც თვითმმართველობებს შეეხება. ირაკლი კობახიძის განმარტებით, აქამდე მოქმედ კანონში არსებული ე.წ. გადაფარვები და ხარვეზები, რომლებიც ადგილობრივ თვითმმართველობებსა და ცენტრალური ხელისუფლების კომპეტენციებში არსებობდა, მთლიანად აღმოიფხვრა და მოწესრიგდა.

ამავე კანონის მესამე მუხლი, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს შეეხება, ასევე შეიცვალა და მოწესრიგდა - გასწორდა მთავრობის ფორმირების კუთხით არსებული ხარვეზები.

აჭარის სტატუსის შესახებ კონსტიტუციური კანონის პროექტის მიმოხილვის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ წარმოადგინა ის ძირითადი ასპექტები, რომლებსაც კონსტიტუციური კანონის პროექტი ითვალისწინებს.

ირაკლი კობახიძის შემდეგ დარბაზში შეკრებილებს მიესალმა საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი. მან იმედი გამოთქვა, რომ ასეთი მაღალი საზოგადოებრივი დაინტერესების პირობებში ქვეყანა შეძლებს მიიღოს კანონი, რომელშიც სრულფასოვნად აისახება მოსახლეობის ინტერესები.

განხილვის მონაწილეებს მიმართეს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა, რის შემდეგაც გაიმართა დისკუსია - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, პრეზიდენტმა, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა უპასუხეს შეკრებილთა შეკითხვებს.