10 ივნისი

,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს პარლამენტში წარსადგენი საკანონმდებლო ინიციატივა უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე განიხილება. გადაწყვეტილება კანონმდებლებმა ბიუროს რიგით მე-11 სხდომაზე მიიღეს, რომელსაც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - დავით გაბაიძე უძღვებოდა.

შესაბამისი დადგენილების პროექტი ბიუროს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - ვლადიმერ მგალობლიშვილმა წარუდგინა.

ბიუროს გადაწყვეტილებით, პლენარულ სხდომაზე განიხილება საქართველოს პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივის წესით  წარსადგენი  ,,მაჭახლის   დაცული   ლანდშაფტის   შექმნისა   და   მართვის   შესახებ“ საქართველოს კანონსა  და ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში» შესატანი ცვლილებები. დადგენილების პროექტი, წინა საკითხის მსგავსად, სხდომაზე ვლადიმერ მგალობლიშვილმა წარმოადგინა.

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე კახაბერ კირტავას დანიშვნაზე აჭარის  უმაღლესი საბჭოს მიერ გენერალური აუდიტორისთვის თანხმობის მიცემის შესახებ საკითხი, რომელიც საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - მარინე გვიანიძემ წარმოადგინა, ბიუროს გადაწყვეტილებით, პლენარულ სხდომაზე გავა.

პლენარულ სხდომაზე კენჭი ეყრება აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მიერ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის (უსკო) თავმჯდომარის ვაკანტურ თანამდებობაზე წარმოდგენილი პარმენ ჯალაღონიასა და მთავრობის თავმჯდომარის მიერ უსკო-ს წევრის  ვაკანტურ    თანამდებობაზე    წარმოდგენილი    ირაკლი    გვარამიასა    და    რამაზ ფირცხალაიშვილის კანდიდატურებს. საკითხზე მომხსენებლის - საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ვლადიმერ მგალობლიშვილის განცხადებით, კანონმდებლები თითოეულ კანდიდატს ცალ-ცალკე და ფარულად უყრიან კენჭს.

ბიურომ ამავე სხდომაზე იმსჯელა და მხარი დაუჭირა უმაღლესი საბჭოს 2021 წლის ბიუჯეტის დეტალურ განწერაში შესატან ცვლილებას, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს აპარატის ხელმძღვანელმა - ზურაბ ჭურკვეიძემ წარმოადგინა.

ბიუროს წევრებმა ცნობად მიიღეს ვლადიმერ მგალობლიშვილის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე ოპოზიციის კვოტით - მედეა ვასაძის არჩევის შესახებ.