15 მაისი

 აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ტიტე აროშიძე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 100 წლის საიუბილეო ღონისძიებათა ფარგლებში დაგეგმილ საერთაშორისო ვებინარში მონაწილეობდა.

 ონლაინ ვებინარი სახელწოდებით - “მიწის რეფორმა: სახელმწიფო მონოპოლიიდან საკუთრების სხვადასხვა ფორმამდე“, რომელშიც პოსტსაბჭოთა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, მთლიანად მიწის რეფორმას და მასთან დაკავშირებულ გამოწვევებს, ევროპული ქვეყნების წარმატებული გამოცდილების გაზიარების საკითხებს დაეთმო.

 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის - დავით გურგენიძის შემდეგ, ვებინარის მონაწილეებს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მიესალმა. ტიტე აროშიძემ, ჩვენს ქვეყანაში მიწის რეფორმის საწყისი ეტაპიდან დღემდე გადადგმული ნაბიჯების პარალელურად, აჭარაში ამ მხრივ არსებულ ვითარებასა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან ამ კუთხით თანამშრომლობის, მათი გამოცდილების გაზიარების აუცილებლობაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ჩვენთვის ასევე ძალზე მნიშვნელოვანია ქვეყნისა და რეგიონის სამეცნიერო სფეროში წლების განმავლობაში დაგროვილი თეორიული ცოდნის პრაქტიკაში დანერგვა-გამოყენება, ფერმერთა და ფერმერული მეურნეობების ხელშეწყობა-განვითარება, ისე რომ ადამიანებს თავად გაუჩნდეთ სურვილი დაუბრუნდნენ მიწას, მთას, სოფელს.

 ვებინარში უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილესთან - ტიტე აროშიძესთან ერთად ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე მონაწილეობდა, რომელმაც აჭარაში მიწის რეფორმის პროცესში მასტიმულირებულ ღონისძიებებზე ისაუბრა.