14 მაისი

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ორ მინისტრს მოუსმინეს. 2020 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში კანონმდებლებს ფინანსთა და  ეკონომიკის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრებმა - ჯაბა ფუტკარაძემ და ნინო ნიჟარაძემ წარუდგინეს.

ჯაბა ფუტკარაძის განცხადებით, გასული წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი, შემოსულობების ნაწილში გადაჭარბებით - 102 %-ით, შესრულდა და 278  მილიონ ლარს აჭარბებს. აღნიშნული პარამეტრის შესრულება ძირითადად, საშემოსავლო გადასახადებზე (95,7 %) მოდის. რაც შეეხება ხარჯვით ნაწილს,  აქ შესრულება 291 მილიონ ლარზე მეტია, რაც  96 %-იანი მაჩვენებელია.

მინისტრის განცხადებით, მიუხედავად პანდემიისა, აჭარაში არ შეფერხებულა არც ერთი, მათ შორის ინფრასტრუქტურული პროექტი. წარმატებით ხორციელდება „ოცნების ქალაქის“ მცხოვრებთათვის საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა, მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირება, წყალმომარაგებისა და სხვა პროექტებზე მუშაობა. ძალზე მნიშვნელოვანი იყო რესპუბლიკური საავადმყოფოს აღჭურვა და მისი ჩართვა პანდემიასთან ბრძოლაში. კორონავირუსის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების მნიშვნელოვანი ნაწილი  განხორციელდა ე.წ. საკარანტინე ზონებში, სადაც შარშან 70 ათასზე მეტი ბენეფიციარი აღირიცხა. ჯაბა ფუტკარაძის განცხადებით, ამ მიზნით, ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი 30 მილიონით დაფინანსდა.  მინისტრმა მოხსენებაში დეტალურად ისაუბრა სხვადასხვა სფეროში განხორციელებულ პროექტებსა და პროგრამებზე, რომელთა მიზანი პანდემიით გამოწვეული გამოწვევების დაძლევა და მოსახლეობის ხელშეწყობა იყო.

გასული წლის ბიუჯეტი 99 %-ით შეასრულა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ. ნინო ნიჟარაძის განცხადებით, გაიზარდა როგორც პროგრამების, ისე ბენეფიციართა რაოდენობაც. მთავარი გამოწვევა პანდემია და მისგან გამწვეული შეზღუდვები იყო, თუმცა არც ერთი სამედიცინო თუ სოციალური პროგრამა არ შეჩერებულა. მინისტრმა საბიუჯეტო პარამეტრებისა და ცალკეული პროგრამების შესრულების პარალელურად, თავის მოხსენებაში მნიშვნელოვანი ადგილი დაუთმო სიახლეებსაც, რომლებიც მოქალაქეთა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიმართულებით  დაინერგა  და განხორციელდა.

გაერთიანებულ სხდომას, რომელსაც ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ილია ვერძაძე უძღვებოდა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მარინა ზანაქიძე ესწრებოდა.

კომიტეტებმა მხარი დაუჭირეს ორივე მინისტრის ანგარიშის  პლენარულ სხდომაზე გატანას.

განცხადებები