14 მაისი

დღის წესრიგის მცირედი ცვლილებით დაიწყო საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარე ვლადიმერ მგალობლიშვილი უძღვებოდა.

„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილება, რომელიც უმაღლესი საბჭოს  მიერ მომზადებული და საქართველოს პარლამენტში წარსადგენი მორიგი საკანონმდებლო ინიციატივაა, კომიტეტმა პლენარულ სხდომაზე განხილვისთვის მომზადებულად მიიჩნია.

უმაღლესი საბჭოს წევრების - დავით გაბაიძისა და ვლადიმერ მგალობლიშვილის მიერ ინიცირებული კანონის პროექტის თანახმად, ახალგაზრდული  და დასაქმების მიმართულებით ავტონომიურ რესპუბლიკაში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს გრანტის გაცემის უფლებამოსილება მიენიჭებათ, რაც, მისი დამტკიცების შემთხვევაში, პირველი პრეცედენტი იქნება ჩვენი რეგიონისთვის. 

კომიტეტმა ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო  სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს 2020 წლის საქმიანობის ანგარიშთან დაკავშირებითაც, რომელიც სხდომაზე მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარემ გიგა ჩხარტიშვილმა წარმოადგინა.

მომხსენებელმა კანონმდებლებს მაუწყებლის კონცეფციაზე, მიმდინარე და სამომავლო პროგრამულ პრიორიტეტებზე, სამაუწყებლო პროგრამების განრიგზე, გაფართოებული საზოგადოებრივი კვლევის შედეგებსა და აუდიტის დასკვნაზე მიაწოდა ინფორმაცია, ყურადღება გაამახვილა პანდემიის პირობებში არსებულ გამოწვევებზე და უპასუხა კანონმდებელთა შეკითხვებს.

კომიტეტის წევრებმა ამავე სხდომაზე 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის წლიური შესრულების ანგარიში ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრისაგან მოისმინეს.

ჯაბა ფუტკარაძის განცხადებით, მიუხედავად პანდემიისა, აჭარაში არც ერთი პროექტი არ შეფერხებულა. რესპუბლიკური ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრების წარდგენის შემდეგ, მომხსენებელმა უპასუხა კანონმდებელთა შეკითხვებს.

კომიტეტმა მინისტრის ანგარიშის პლენარულ სხდომაზე გატანას დაუჭირეს მხარი.