05 აპრილი

ქობულეთისა და მახინჯაურის მაჟორიტარი დეპუტატები აჭარის უმაღლეს საბჭოსა და საქართველოს პარლამენტში - ცოტნე ანანიძე და ზაალ მიქელაძე, უმაღლესი საბჭოს წევრი - ფატი ხალვაში, მუნიციპალიტეტის მერთან - მირიან ქათამაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ხალას მოსახლეობას შეხვდნენ.

როგორც აღინიშნა, ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში გაზიფიცირების სამუშაოების ძირითადი ნაწილი შესრულებულია, დარჩენილია დასკვნითი ეტაპი. უახლოეს ხანში, ეტაპობრივად დაიწყება მოსახლეობისთვის ბუნებრივი აირის მიწოდებაც.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე, შიდა სასოფლო გზების მოწესრიგებაზე, ხალას საბავშვო ბაღის მშენებლობაზე, დაგეგმილ პროექტებზე, სოფლის მხარდაჭერის პროგრამასა და საყანე ფართობების დახვნა-დაფარცხვის სამუშაოებზე. პროგრამით შარშან, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ათასობით ოჯახმა ისარგებლა, წელს კი მასში უფრო მეტი ოჯახი ჩაერთვება.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოისმინეს მოსახლეობის მოსაზრებები სოფლის საჭიროებებთან დაკავშირებით, რომელთა შორის, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მუნიციპალური ტრანსპორტის დანიშვნაა. როგორც ითქვა, სათანადო შესწავლის შემდგომ საკითხი შესაძლებლობის ფარგლებში მოგვარდება.

შეხვედრის დასრულების შემდეგ დეპუტატებმა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა ხალას მშენებარე საბავშვო ბაღი დაათვალიერეს. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება, რომლის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია და წლის ბოლოს დასრულდება, 105 აღსაზრდელზე - 3 ჯგუფზეა გათვალისწინებული. შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირებზე, ტერიტორია შემოიღობება, კეთილმოეწყობა ეზო, დაიგება დეკორატიული ფილები, დამონტაჟდება გარეგანათება, საპარკე სკამები და საბავშვო ატრაქციონები.