03 აპრილი

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ილია ვერძაძე, ჯანმრთელობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საკლასო და საკლუბო პროექტების ფარგლებში, აჭარის სხვადასხვა სკოლების მოსწავლეებს შეხვდა.

უმაღლეს საბჭოში გამართულ საინფორმაციო შეხვედრაზე, ილია ვერძაძემ საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობასა და ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური  სიტუაციიდან  გამომდინარე ვაქცინაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

საინფორმაციო შეხვედრა, რომელიც პროგრამა - „მომავლის თაობის“ ფარგლებში დაიგეგმა, კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. პროგრამის მიზანი სკოლებში სამოქალაქო განათლების ხარისხის ამაღლება, ამ მიმართულებით მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება და ინფორმირებული, პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქეების აღზრდაა.

პროგრამას, აშშ-ის განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით ამერიკული ორგანიზაცია PH International ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით. პროგრამა აჭარაში „ბათუმის განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრის“ მიერ სამოქალაქო განათლების ფორუმთან და რეგიონულ პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით ხორციელდება.