01 აპრილი

გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელი და მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ლუიზა ვინტონი ბათუმს მდგრადი ურბანული ტრანსპორტის სტრატეგიის განხორციელების პროცესის გასაცნობად ეწვია. როგორც ცნობილია, საქართველოში „მწვანე ქალაქის“ სტატუსს პირველი ბათუმი მიიღებს, რაც უპირველესად, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გარდაქმნას, ურბანული განვითარების ხელშეწყობასა და რიგ სხვა პროგრამებს ითვალისწინებს.

საპატიო სტუმარი, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილესთან - ტიტე აროშიძესთან, ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელთან - არჩილ ჩიქოვანთან და „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ხელმძღვანელთან - ლევან ლაზარიაშვილთან ერთად, სატრანსპორტო რეფორმის მიმდინარეობას გაეცნო და ახლად გახსნილ ავტობუსის ხაზზე ელექტროავტობუსით იმგზავრა.

UNDP-ისა და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მხარდაჭერით, ბათუმის მერიასა და საკრებულოსთან თანამშრომლობით, ქალაქის 78 სატრანსპორტო ზონაში მობილობაზე დაკვირვების საფუძველზე, შემუშავდა ბათუმის მდგრადი ურბანული განვითარების გეგმა, ხოლო 2020 წელს - ურბანული განვითარების ახალი ხედვის დოკუმენტი. მათი მომზადების უმთავრესი მიზანი პარკირების ახალი მოდელის დამკვიდრება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ოპტიმიზაცია და ველოსიპედების ქსელის გაფართოებაა.

UNDP-ის მხარდაჭერით განხორციელებული რეფორმების შედეგად, ბათუმი  პირველი ქართული ქალაქია, რომელმაც 2020 წლის ოქტომბერში ევროკავშირისგან (EU) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან (EBRD) მიიღო ნულოვანი გამონაბოლქვის ელექტროავტობუსები, ამასთან, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ნაწილი გადაადგილდება მათთვის განკუთვნილ სავალ ზოლში.