26 მარტი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს კომიტეტებში, ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით,  სტრატეგიული დაგეგმარების პროცესი დაიწყო და მისი მიზანი  კომიტეტების ყოველწლიური სამოქმედო გეგმების მომზადება-შემუშავებაა ფართო კონსულტაციებისა და დაინტერესებული პირების აქტიური მონაწილეობით.

 23-25 მარტს,  დარგობრივი კომიტეტების წევრებისა და აპარატის თანამშრომლებისთვის ჩატარებული რამდენიმე შეხვედრა-ტრენინგი სამოქმედო გეგმების ფორმატს, მათი შემუშავების პროცესსა და მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმებს დაეთმო.

 კომიტეტების მიერ საკანონმდებლო და საზედამხედველო ფუნქციების შესრულება, მათი საქმიანობის გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულების ზრდა სამოქმედო გეგმის უმნიშვნელოვანესი მიმართულებებია, რომლებიც სამოქმედო გეგმებში უნდა აისახოს. თავად სამოქმედო გეგმების გამოქვეყნება კი აჭარის უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ერთ-ერთი ვალდებულებაა.