24 მარტი

საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა აჭარის  უმაღლესი საბჭოს წევრებისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხებს დაეთმო.

გია აბულაძისათვის, ლევან ანთაძისათვის, ელგუჯა ბაგრატიონისათვის, მედეა ვასაძისათვის, გიორგი კირთაძისა და მამული სურმანიძისათვის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარემ - ლადო მგალობლიშვილმა წარმოადგინა. მისი განცხადებით,  უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის მოთხოვნით, უმაღლესი საბჭოს აღნიშნულმა წევრებმა საკანონმდებლო ორგანოს განცხადებით 2020 წლის 21 დეკემბერს მომართეს, ანუ საშემოდგომო სესიის დახურვის შემდეგ. უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით კი სესიებს შორის ვადების დინება შეჩერებულია და ვადის ათვლა, მხოლოდ საგაზაფხული სესიის გახსნისთანავე ანუ 2 მარტს დაიწყო.

საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტს, საკითხის განსახილველად, რეგლამენტის თანახმად, მინიმუმ 8 და მაქსიმუმ 15 დღე აქვს განსაზღვრული, რაც დღეს, 24 მარტს იწურება. კომიტეტის აპარატი დაუკავშირდა  უმაღლესი საბჭოს ექვსივე წევრს და დაადგინა მათი ხელწერების ნამდვილობა.

საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა  კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე იმსჯელა უმაღლესი საბჭოს აღნიშნული წევრებისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტაზე და საკითხს მხარი დაუჭირა.

ლადო მგალობლიშვილის განცხადებით, კომიტეტმა საკითხი განიხილა სამართლებრივ ჭრილში, რაც შეეხება პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, მას უმაღლესი საბჭოს სესიაზე მიიღებენ. მანამდე კი კომიტეტის დასკვნა ბიუროს წარედგინება.