23 მარტი

 სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების განათლების სფეროში არსებული პრობლემების,  სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარე დავით ბაციკაძე უძღვებოდა.

  განათლების, კულტურისა და სპორტის  მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, კანონმდებლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა პანდემიის პირობებში წარმოქმნილ და დღეს არსებულ გამოწვევებზე, იმ პროგრამებსა და სიახლეებზე, რომლებიც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების ბავშვებისთვის სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის შეუფერხებელი უზრუნველყოფისთვის ხორციელდება.

  მინისტრის განცხადებით, ახალი სკოლის მოდელში ამჟამად 10 საჯარო სკოლაა ჩართული და მათ რიცხვს უახლოეს მომავალში კიდევ 30 დაემატება. ტვ-სკოლა, არტთერაპიული სახელოსნოები, სკოლა-პანსიონები, სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვთა სკოლებში რეგისტრაცია, მათი ტრანსპორტირება, ინტერნეტსწავლებასთან დაკავშირებული და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები მინისტრის მოხსენებაში სრულად იყო წარმოდგენილი, რის შემდეგაც სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

   კომიტეტმა წარმოდგენილი ინფორმაცია ცნობად მიიღო.