საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

გაცნობითი ტური უმაღლეს საბჭოში

03 მაისი

3 მაისს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო და ბათუმის საერთაშორისო (BAU) უნივერსიტეტების ჯანდაცვის მიმართულების წარჩინებული ქართველი და უცხოელი სტუდენტები, ლექტორ-მასწავლებლები და აჭარაში მოღვაწე ღვაწლმოსილი ექიმები სტუმრობდნენ.

გაცნობითი ტურის მონაწილეებს რეგიონის საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობისა და მისი ძირითადი პრინციპების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ მერაბ კარანაძემ. მან საზოგადოებისათვის სამედიცინო სფეროს მნიშვნელობაზე ისაუბრა და მომავალ მედიკოსებს წარმატებები უსურვა.

შეხვედრის მონაწილეებს მიესალმა უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ნუგზარ სურმანიძე, რომელმაც ახალგაზრდებს აჭარაში მოღვაწე, გამორჩეული და ღვაწლმოსილი ექიმები - ლამარა კალანდარიშვილი, რამაზ სურმანიძე და აკაკი ბერიძე წარუდგინა. თითოეულმა მათგანმა ქართველ და უცხოელ სტუდენტებს თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს და ისაუბრეს ახალგაზრდებისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე.

გაცნობითი ტურის ფარგლებში სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ უშუალოდ უმაღლესი საბჭოს წევრებისა და ცნობილი ექიმებისაგან მიეღოთ პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე.

შეხვედრის დასასრულს სტუდენტებმა უმაღლესი საბჭოს წევრებსა და ექიმებს მადლობა გადაუხადეს საინტერესო შეხვედრისათვის, მათთან ერთად სამახსოვრო სურათები გადაიღეს და იმედი გამოთქვეს, რომ მსგავსი ტურები სამომავლოდაც გაგრძელდება.

უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ნუგზარ სურმანიძემ ღვაწლმოსილ ექიმებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი