03 მაისი

3 მაისს, სასტუმრო "ჰილტონის" საკონფერენციო დარბაზში, პრესის თავისუფლების დღესთან დაკავშირებით გაიმართა კონფერენცია სახელწოდებით - "მედიის როლი და საჭიროებები", რომლის ორგანიზატორი სსიპ "საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო" იყო.

ქართული საზოგადოებრივი არხებისა და მესამე სექტორის წარმომადგენლებთან ერთად კონფერენციიის მუშაობაში მონაწილეობდნენ აჭარის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორმა ნათია კაპანაძემ და სსიპ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს წევრმა თინათინ ბერძენიშვილმა არხებზე არსებულ მდგომარეობასა და გამოწვევებზე ისაუბრეს. არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" წარმომადგენელმა აჭარაში წარმოადგინა საზოგადოებრივი არხების მონიტორინგის შედეგები. კონფერენციაზე ასევე ისაუბრეს მედიის თავისუფლების ხარისხზე და ჟურნალისტური სტანდარტების დაცვის მხრივ საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია " ქართული ოცნება -მაჟორიტარების" თავმჯდომარემ ილია ვერძაძემ და უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა პეტრე ზამბახიძემ აჭარის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ გაწეული საქმიანობის, მიზანდასახულობების და აქტივობების მოსახლეობისთვის მედიის მეშვეობით უფრო ხელმისაწვდომობის აუცილებლობაზე ისაუბრეს.

გამოითქვა აზრი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს სხდომებისთვის საეთერო დრო დაეთმოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხზე, სადაც რეგულარულად გადაიცემა საქართველოს პარლამენტის კომიტეტებისა და პარლამენტის პლენარული სხდომები.