26 თებერვალი

 ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი პროექტის - „საპარლამენტო დემოკრატიის კონსოლიდაცია საქართველოში“ ფარგლებში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში, მეხუთე მოწვევის დეპუტატებისთვის საორიენტაციო პროგრამა დასრულდა.

ონლაინსემინარს თემაზე: „ღია მმართველობის პრინციპები, საკანონმდებლო ღიაობა, გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები და საკანონმდებლო პროცესი“, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) პროგრამების დირექტორი ლევან ავალიშვილი უძღვებოდა. IDFI აჭარის უმაღლესი საბჭოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია, რომელიც პროექტს - ღია მმართველობის პრინციპების ხელშეწყობა საქართველოს პარლამენტსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში ახორციელებს.

IDFI-ის აღმასრულებელი დირექტორი - გიორგი კლდიაშვილი - წლების მანძილზე იყო ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) მმართველი კომიტეტის წევრი სამოქალაქო სექტორიდან. IDFI ამჟამად საქართველოს პარლამენტის ღია მმართველობის მუდმივმოქმედ საპარლამენტო საბჭოსთან არსებული საკონსულტაციო ჯგუფის თავმჯდომარე ორგანიზაციაა.

ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ასევე, გაიმართა თემატური სემინარი უმაღლესი საბჭოს წევრებისა და აპარატის წარმომადგენლების მონაწილეობით.