23 თებერვალი

   აჭარის მუნიციპალიტეტებში  საგრანტო პროგრამის - "სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა" პრეზენტაცია გრძელდება.  პროგრამა, რომლის მიზანი სოფლის მეურნეობის დარგების მიხედვით პირველადი წარმოების, გადამამუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის საწარმოო პროცესებისთვის ხელშეწყობაა, ამჯერად ქობულეთის მერიისა და მუნიციპალიტეტის თემების წარმომადგენლებს გააცნეს.

  საინფორმაციო ხასიათის შეხვედრაზე პროგრამის დეტალებზე ქობულეთისა და მაღალმთიანი აჭარის მაჟორიტარმა დეპუტატებმა ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში - ცოტნე ანანიძემ და ფრიდონ ფუტკარაძემ, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ - სულხან მოწყობილმა და აგროსერვის ცენტრის დირექტორმა - გოჩა ბერიძემ ისაუბრეს.

  საგრანტო პროგრამის კოორდინატორები დაინტერესებულ მოსახლეობასთან შეხვედრებს აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებშიც გააგრძელებენ.