09 თებერვალი

 ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ დადგენილების პროექტი უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე განიხილება. გადაწყვეტილება კანონმდებლებმა ბიუროს პირველ სხდომაზე მიიღეს, რომელსაც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე უძღვებოდა.

  პროექტი ბიუროს წევრებს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - ვლადიმერ მგალობლიშვილმა წარუდგინა.

  საკანონმდებლო ორგანოს კომიტეტებში «აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი წევრის ამომრჩევლებთან ურთიერთობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ» დადგენილების განხილვის პროცედურები იწყება. უმაღლესი საბჭოს წევრის - ტიტე აროშიძის მიერ წარმოდგენილი საკითხის განხილვისათვის ვადა 16 თებერვლამდე განისაზღვრა.

  უმაღლესი საბჭოს ახალი რეგლამენტი ეთიკის საბჭოს შექმნას ითვალისწინებს. შესაბამისი დადგენილების პროექტი სხდომაზეუმაღლესი საბჭოს წევრმა - დავით გაბაიძემ წარმოადგინა. განისაზღვრა წამყვანი კომიტეტი და განხილვის ვადა.

  ბიუროს გადაწყვეტილებით, კომიტეტებში გასახილველად ჩაეშვა დავით გაბაიძის მიერ სხდომაზე წარმოდგენილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის ანგარიში ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების შესახებ“. განისაზღვრა წამყვანი კომიტეტი და განხილვის ვადა.