19 იანვარი

  ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში მოსული უხვი ნალექის გამო ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე გაწმენდილია ადმინისტრაციულ ერთეულებთან მისასვლელი გზები და იწმინდება შიდა სასოფლო გზები. მაღალი გამავლობის ავტომობილების გადაადგილება შეზღუდული არ არის.

  ხულოს მუნიციპალიტეტში აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის 14 ერთეული ტექნიკა მუშაობს, შუახევში -13 ერთეული, ქედაში - 6, ხელვაჩაურში - 7.

  რეგიონის საავტომობილო გზებზე მიმდინარე სამუშაოები აჭარის უმაღლეს საბჭოში ხულოს, ქედის, შუახევისა და ხელვაჩაურის მაჟორიტარმა დეპუტატმა - ფრიდონ ფუტკარაძემ, საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების დეპარტამენტის უფროსთან - ზაზა შავაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.